ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის პოლიტიკა
1. შესავალი
შპს ბიტექსჩეინჯი (შემდგომში - კომპანია) წარმოადგენს ვირტუალური აქტივის სერვის პროვაიდერს, რომელიც კლიენტებს სთავაზობს ვირტუალური აქტივის გადაცვლას, კომპანიის სერვისის მომხმარებლები არიან ფიზიკური პირები, როგორც რეზიდენტი, ისე არა-რეზიდენტი. აღსანიშნავია რომ, კომპანია არ ემსახურება იურიდიულ პირებს.
შეთავაზებული მომსახურების უმაღლესი სტანდარტების უზრუნველყოფის და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვის მიზნით ორგანიზაციას შემუშავებული აქვს ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის პოლიტიკა, რომელიც ეფუძნება საქართველოს კანონს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“, „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტაციის გაუქმების და რეგულირების წესს“, „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესს“, ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესს“,“ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესს“ „ფინანსური ქმედეგებების სპეციალური ჯგუფის რეკომენდაციებს“ და ემსახურება ორგანიზაციისთვის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სისტემის შემუშავებას, რისკების იდენტიფიცირებას, გაანალიზებას, მართვას და შემცირება.
პოლიტიკა მტკიცდება ორგანიზაციის დირექტორატის მიერ მინიმუმ წელიწადში ერთხელ, აგრეთვე საკანონმდებლო ცვლილებების და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების ცვლილებების საფუძველზე. ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანა და განახლება შესაძლებელია რიგგარეშც, დირექტორატის გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. ტერმინთა განმარტება
ფულის გათეთრება - პროცესი, რომლის დროსაც ხდება უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება), მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის ან/და სხვა პირისთვის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში დახმარების გაწევის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა.
ტერორიზმის დაფინანსება - ფინანსური სახსრების შეგროვება ან მიწოდება იმის წინასწარი შეცნობით, რომ ისინი მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ან შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ტერორისტის ან ტერორისტული ორგანიზაციის მიერ.
უკანონო შემოსავალი - პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება.
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი - პირი, რომელიც ახორციელებს სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურებას.
ვირტუალური აქტივი - ღირებულების ციფრული გამოხატულება, რომელიც არის ურთიერთ-ჩანაცვლებადი და არ არის უნიკალური, წარმოადგენს ციფრული ფორმით გადაცემის ან ვაჭრობის საგანს და გამოიყენება ინვესტირების ან/და გადახდების განხორციელების მიზნით. ვირტუალური აქტივი არ მოიცავს ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ციფრულ გამოხატულებას.
ვირტუალური აქტივის მომსახურება − კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლა (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში, გადაცემა ან/და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის შენახვა/ადმინისტრირება, რაც ვირტუალურ აქტივზე კონტროლის საშუალებას იძლევა, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივებისგან შემდგარი პორტფელის მართვა (გარდა კოლექტიური პორტფელის მართვისა) ან/და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივების სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირება ან/და ასეთი ვირტუალური აქტივის სესხად გაცემა ან/და პირველადი შეთავაზება ან/და პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული მომსახურება;
კონვერტირებადი ვირტუალური აქტივი − ვირტუალური აქტივი, რომელსაც ბაზარზე აქვს ეკვივალენტი ღირებულება ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან/და ფინანსურ ინსტრუმენტში, რომელშიც შესაძლებელია განხორციელდეს მისი გადაცვლა. კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემისას შესაძლებელია ინიციატორი და მიმღები ერთი და იგივე პირი იყოს ან ინიციატორსა და მიმღებს კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის
მომსახურებას ერთი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი უწევდეს.
რეზიდენტი - პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 182 დღეზე მეტ ხანს ნებისმიერ 12 თვიან პერიოდში და გააჩნია საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცემული საიდენტიფიკაციო დოკუმენტი (პირადობის მოწმობა (ID ბარათი), პასპორტი, ბინადრობის მოწმობა)
არა-რეზიდენტი - უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც არ გააჩნია საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცემული საიდენტიფიკაციო დოკუმენტი
იდენტიფიკაცია - პირის შესახებ ისეთი საიდენტიფიკაციო მონაცემების მოპოვება, რომლებიც იძლევა მისი მოკვლევის და სხვა პირებისგან გამორჩევის შესაძლებლობას.
ვერიფიკაცია - პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) მოპოვება, რომელიც კომპანიას საშუალებას აძლევს, გადაამოწმოს პირის შესახებ საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტე, ხოლო ბენეფიციარი მესაკუთრის შემთხვევაში, აგრეთვე დარწმუნდეს, რომ მისთვის ცნობილია ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობა.
Blockchain Analysis - ვირტუალური აქტივის ანგარიშის სანდოობის შესამოწმებელი რესურსი.
საეჭვო გარიგება - გარიგება, რომელზეც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის მომზადდა, დაიდო ან შესრულდა უკანონოდ მოპოვებული ქონების ან ასეთი ქონებისგან მიღებული შემოსავლის საფუძველზე ან/და ფულის გათეთრების მიზნით ან უკავშირდება ტერორიზმის დაფინანსებას. ასევე ასეთი გარიგების დადების,მომზადების ან სესრულების მცდელობა.
პოლიტიკურად აქტიური პირი (PEP) – ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს მნიშვნელოვან სახელმწიფო (საჯარო) ან პოლიტიკურ ფუნქციებს (საშუალო და დაბალი რანგის თანამდებობის პირების გარდა). პოლიტიკურად აქტიური პირები არიან:
- სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი (მინისტრი), აგრეთვე მათი მოადგილეები; სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი;
- საკანონმდებლო ორგანოს (პარლამენტის) წევრი;
- პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელი და მმართველობის ორგანოს წევრი;
- უზენაესი, საკონსტიტუციო და უმაღლესი ინსტანციის სხვა სასამართლო ორგანოს წევრი, რომლის გადაწყვეტილებები გასაჩივრებას გამონაკლის შემთხვევაში ექვემდებარება
- გენერალური აუდიტორი, მისი მოადგილე, აუდიტორთა სასამართლოს წევრი;
- ეროვნული (ცენტრალური) ბანკის საბჭოს წევრი;
- ელჩი და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი;
- თავდაცვის (სამხედრო) ძალების ხელმძღვანელი თანამდებობის პირი;
- სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი, მმართველობის ორგანოს წევრი;
- საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მმართველობის ორგანოს წევრი;
პოლიტიკურად აქტიური პირებად ასევე ითვლებიან:
- მათი ოჯახის წევრები (მეუღლე/პირი, რომელთანაც პოლიტიკურად აქტიური პირი მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, და, ძმა, მშობელი, შვილი/გერი და შვილის/გერის მეუღლე/პირი, რომელთანაც ის მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას);
- ფიზიკური პირი, რომელიც პოლიტიკურად აქტიურ პირთან ერთად არის იურიდიული პირის, არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმის ან ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის ბენეფიციარი მესაკუთრე ან დომელსაც მასთან სხვაგვარი მჭიდრო საქმიანი, სოციალური ან პოლიტიკური ურთიერთობა აქვს;
- ფიზიკური პირი, რომელიც არის ფაქტობრივად (არაფორმალურად) პოლიტიკურად აქტიური პირის სასარგებლოდ შექმნილი იურიდიული პირის, არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ან ან ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის ბენეფიციარი მესაკუთრე.
კონფიდენციალური ინფორმაცია - ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, რომელიც შეიცავს პროფესიულ საიდუმლოს, კონერციულ საიდუმლოს ან/და პერსონალურ მონაცემებს.
შესაბამისობის კონტროლზე პასუხისმგებელი პირი - (შემდგომში „შესაბამისობის ოფიცერი“) - თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს კანონმდებლობით და ამ პოლიტიკით განსაზღვრული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის აღკვეთასთან დაკავშირებული მოთხოვნების დანერგვასა და შესრულებაზე. ამასთან, ანგარიშვალდებულია კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის წინაშე.
3. შიდა პოლიტიკა და პროცედურები
ორგანიზაციის შიდა კონტროლის საფუძველია წინამდებარე პოლიტიკა, რომელიც განსაზღვრავს ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ძირითად კონტროლის მექანიზმებს პასუხისმგებლობებს და პრინციპებს. პოლიტიკის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს პროცედურა „იცნობდე შენს კლიენტს“, რომელშიც მოცემულია კლიენტის იდენტიფიკაციის, ვერიფიკაციის და საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგის პროცესების აღწერა.
წინამდებარე პოლიტიკა განსაზღვრავს ორგანიზაციის პროდუქტებისთვის და კლიენტებისთვის რისკის მინიჭების კრიტერიუმებს და რისკის შესაბამის ზომებს კლიენტების იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციისთვის.
4. შესაბამისობის კონტროლზე პასუხისმგებელი თანამშრომლები და მათი ფუნქცია.
კომპანიის დირექტორი სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების/ბრძანების საფუძველზე, ნიშნავს შესაბამისობის კონტროლის სისტემის გამართულად ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს - შესაბამისობის ოფიცერს, რომელიც დამოუკიდებლად ასრულებს ამ პოლიტიკით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და ანგარიშვალდებული არის კომპანიის დირექტორტან.
შესაბამისობის კონტროლის განმახორციელებელი თანამშრომლისთვის ხელმისაწვდომია მათი დავალებების შესასრულებლად ყველა აუცილებელი ინფორმაცია, დოკუმენტაცია, მათ შორის ტექნიკური და პროგრამული რესურსი.
შესაბამისობის კონტროლის განმახორციელებელი პირი, რეგულარულად ახორციელებს პროცესებთან დაკავშირებულ დამოუკიდებელ კონტროლს, როგორიცაა: შერჩევითი შემოწმებები, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო, ფინანსური დანაშაულის და კანონით დასჯადი სხვა ქმედებების პრევენციის ყველა შიდა პრინციპი, ინსტრუქცია და დაცვის მექანიზმი სრულყოფილად ხორციელდება. კონტროლი სრულდება შესაბამისი ტრანზაქციის ან ბიზნეს ურთიერთობის მიმდინარეობის დროს.
შესაბამისობის ოფიცრის ძირითადი ფუნქციები მოიცავს შემდეგს:
- წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული შიდა კონტროლის სისტემის შექმნა და მართვა;
- „იცნობდე შენს კლიენტს“ პროცედურით განსაზღვრული კონტროლის მექანიზმების დანერგვა და კონტროლი;
- კლიენტების იდენტიფიკაციის პროცესის და მათ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების მონიტორინგი;
- კომპანიის კლიენტებისა და მათ მიერ განხორციელებული გარიგებების შესწავლა და რელევანტური რისკის დონების მინიჭება;
- საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან მონიტორინგს დაქვემდებარებული ტრანზაქციების/გარიგებების შესახებ ანგარიშგების შედგენა და გაგზავნა;
- საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ანგარიშის შედგენა და გაგზავნა;
- საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადგილზე შემოწმების განხორციელებისას პროცესის კოორდინაცია;
- ფულის გათეთრების კონტროლთან დაკავშირებით თანამშრომელთა ტრენინგის ორგანიზება;
ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციის ეფექტურად შესასრულებლად ორგანიზაციამ შესაბამისობის ოფიცრისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ყველა საჭირო რესურსი, მათ შორის შესაბამისი ტექნიკური და პროგრამული საშუალებები, ინფორმაციისა და დოკუმენტების საიმედოდ შენახვის საშუალებებით და ა.შ.
შესაბამისობის ოფიცერი მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებულ და მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციების შესრულების ნაწილში ექვემდებარება მხოლოდ ორგანიზაციის დირექტორს და არის ანგარიშვალდებული მხოლოდ მის წინაშე.
შესაბამისობის ოფიცერთან ერთად, ფულის გათეთრების კონტროლის სისტემის ეფექტურობის უზრუნველყოფა ორგანიზაციის დირექტორის ვალდებულებაა. ასევე, ცალკეული კონტროლის მექანიზმების დანერგვაზე და ამ პროცედურით გათვალისიწინებულ ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ თანამშრომლებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების პროცესში.
5. რისკზე დაფუძნებული მიდგომა
ორგანიზაციაში ფულის გათეთრების კონტროლის ძირითად პრინციპს წარმოადგენს რისკზე დაფუძნებული მიდგომა, რომლის მიხედვითაც ორგანიზაცია საკუთარ პროდუქტებს და კლიენტებს აჯგუფებს დაბალი, საშუალო და მაღალი რისკის კატეგორიებად. რისკის განსაზღვრის საფუძველს წარმოადგენს ორგანიზაციის მიერ ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსებისთვის რელევანტური რისკ-ფაქტორების იდენტიფიკაცია და შეფასება.
შესაბამისობის ოფიცერი ახდენს ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასებას, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების მომატებული რისკების გამოვლენის მიზნით.
რისკ-ფაქტორების იდენტიფიკაციის და შეფასების მიზანს წარმოადგენს საშუალო და მაღალი რისკის კატეგორიის პროდუქტებისთვის და კლიენტებისთვის სათანადო კონტროლის მექანიზმების განსაზღვრა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება ორგანიზაციის წინაშე არსებული ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შემცირება და მართვა.
6. იცნობდე შენს კლიენტს (KYC) პროცედურა
ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შემცირებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტროლის მექანიზმია კლიენტების იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია. რისკზე დაფუძნებული მიდგომის გათვალისწინებით, კონკრეტულ შემთხვევებში გამოყენებული იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის ზომების ინტენსიურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი რისკის კატეგორიას მიეკუთვნება კლიენტი.
კომპანია ახდენს კლიენტის (ასევე, მისი ბენეფიციარის, წარმომადგენლის, მარწმუნებლის და მესამე პირის, თუ გარიგება სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაციას და იღებს ვერიფიკაციის გონივრულ ზომებს გარიგების განხორციელებამდე ან საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე.
პრევენციული ზომების გატარების მიზნით კომპანია ახორციელებს პირის საქმიანი ურთიერთობის, განზრახული ხასიათის და მიზნის დადგენას საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, რაც გულისხმობს კლიენტის საქმიანობის არსის დადგენას.
საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლება:
პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით კომპანია ახორციელებს მიმდინარე საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგს და კლიენტის შესახებ საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლებას კლიენტის რისკის კატეგორიის შესაბამისად.
კლიენტის გადამოწმება სანქცირებულ პირთა სიაში:
გარიგების შესრულების ან საქმიანი ურთიერთობის დამყარების წინ ხდება კლიენტის მონაცემების გადამოწმება საერთაშორისო სანქციების სიაში სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. აღნიშნული პროგრამის მოდულის საშუალებით კომპანია რეალურ რეჟიმში უზრუნველყოფს კლიენტისა და ტრანზაქციაში ასახული ინფორმაციის შედარებას სხვადასხვა ტიპის სიებთან (მათ შორის PEP, OFAC, UN, EU და შავი სიები). აღნიშნული სიები ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერაა შედგენილი.
სიაში დამთხვევის შემთხვევაში ჩერდება კლიენტის რეგისტრაციის პროცესი/გარიგება და ხდება ინფორმაციის გაანალიზება შესაბამისობის სპეციალისტის მიერ. არსებული ინფორმაციის დამუშავების და დამატებითი ინფორმაციის შეგროვების შემდეგ, შესაბამისობის სპეციალისტი იღებს გადაწყვეტილებას კლიენტის მომსახურებაზე/გარიგების შესრულება/შეჩერებაზე;
7. დასკვნითი დებულებები
პოლიტიკაში ცვლილების ან დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობით, დირექტორთან შეთანხმებით და მისი გადაწყვეტილების საფუძველზე.
წინამდებარე პოლიტიკა ძალაში შედის დირექტორის მიერ მისი დამტკიცების თარიღიდან და მოქმედებს უვადოდ.